top of page

ჯადოსნური ანაბეჭდი

  • Writer: Tekla Iordanishvili
    Tekla Iordanishvili
  • Apr 17, 2020
  • 1 min read

ვინმეს რომ ოდესმე ეთქვა, მსოფლიოში, 21 საუკუნეში, ისეთი მოვლენები მოხდება, რის გამოც მთელ პლანეტაზე ჩახუტებას აკრძალავენო, ალბათ ძალიან ბევრს ვიცინებდი და მერე გავაგრძელებდი მზესუმზირის მშვიდად ფრცქვნას და ჭამას.

არ ვიცი ვის როგორ, მაგრამ ჩემთვის ჩახუტებაზე ინტიმური მომენტი არ არსებობს. არანაირი კოცნა, არანაირი მოფერება და არც ერთი სხვა მდგომარეობა ჩახუტების მსგავსი არ არის. რატომ? აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჯადოსნურია და იმიტომ.

ასე მგონია, რომ ენერგიის გაცვლა მარტო ჩახუტებით შეიძლება. სიხარულისა ან ტკივილის სხვა სხეულში გადაღვრა, მხოლოდ ასე ხდება. გადაღვრა, ხო ... წვეთოვანივით წვეთ-წვეთად, სრულად და აუმღვრევლად.

არის ცხოვრებაში რაღაც, რისი გადმოცემაც არ შეიძლება - უნდა იგრძნო. ჩახუტებას შეხების არომატი აქვს და სხეულზე ანაბეჭდებს გიტოვებს...

ზოგი ჩახუტება კანზე უხილავად და სამუდამოდ გრჩება. ის ყველასთვის შეუმჩნეველია, მაგრამ საკმარისია შეეხო, რომ მის არსებობას გრძნობ - სიგიჟეა, არა?!

მას ერთი უნიკალური თვისებაც აქვს - ბედნიერება ორმაგდება და ტკივილს ანახევრებს. თუმცა, იგი წარმოუდგენლად გულწრფელია და თუ ნამდვილი არ არის, მისი ჯადოსნურობა ძალას კარგავს...

ძალიან, ძალიან გულწრფელი რომ ვიყო, ვიტყვი, რომ მე მაქვს ერთი ეგეთი, უნიკალური ანაბეჭდი, მხრებთან. მგონია, რომ წარმოსახვით, ალბათ წყლისფერია, ოვალური ფორმა აქვს და იმაზე ნამდვილია, ვიდრე ერთიანად აღებული ჩემი ცხოვრება. და თქვენ?! გახსენდებათ უხილავი ანაბეჭდები სხეულზე? - ცხადია, რომ კი!

Comments


Join My Mailing List

Thanks for submitting!

  • Grey Facebook Icon
  • Grey Pinterest Icon
  • Grey Instagram Icon
Instagram @tekla.iordanishvili​

© 2019 by Tekla​. Proudly created with Wix.com

bottom of page