top of page

რომელი ვიბრაციის გვჯერა?

  • Writer: Tekla Iordanishvili
    Tekla Iordanishvili
  • Jun 11, 2025
  • 4 min read

Updated: Jun 11, 2025

იმ დღეს ვფიქრობდი, რატომ ხდება, რომ როცა ოთახში შევდივარ, სადაც უცხო ადამიანი მელოდება, მაშინვე ვგრძნობ მის აურას. მისგან წამოსული 2 წინადადების შემდეგ კი კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემი ინტუიციის სიზუსტეს.

შეცვლილა თუ არა ჩემი წარმოდგენა ამ ენერგიის შეგრძნების შემდეგ? - პრაქტიკულად, არც ერთხელ.

ნიშნავს ეს იმას, რომ ადამიანებს სხვადასხვა ბიოველები გვაქვს და ერთმანეთთან შეხვედრისას ეს ენერგიები ისე მკვეთრად ვიბრირებს, მაშინვე ვხვდებით - ჩვენთვის ენერგეტიკით თანმხვედრია მათი აურა, თუ არა. შევეწყობით თუ არა. ესეც ხომ ქიმიური პროცესია, - ვიბრაციების ცვლა და უკან ტალღებად მიღება.

და საერთოდ, რა გავლენას ახდენს ადამიანებზე არასრულფასოვნების კომპლექსიდან წამოსული ეგოს დაუოკებლობა, აღიარების უკიდეგანო სურვილი, ტაშის დაკვრის ისტერია. ხშირად - უადგილო და ძალიან სასაცილო გაჯიბრება, გადასწრების დაფიქსირება და ხალხის თვალში ოლიმპოს მთის კიდეზე შემოჯდომა - "შენ კი არა, მეეე!" :) ჯერ საერთოდ არ უნდათ შენი შემჩნევა, მერე ხედავ, რომ შენს პროფილზე დილას, შუადღესა და საღამოს - საზეპიროსავით გამჯდარი აქვთ შემოსვლა და შენი თვალიერება - ალბათ, რაც ვერ დაიმახსოვრეს შენს შესახებ, კიდევ ერთხელ რომ გადაიმეორონ?! შეიძლება, გადაირიო,რა!


დღეს ის დროა, როდესაც მამაკაცები ქალებს კაფეებში იშვიათად უგზავნიან შამპანურს, კიდევ უფრო იშვიათად უხდიან ანგარიშს და ხშირად სკამის გამოცურებაც ავიწყდებათ, ქალბატონი მარტივად რომ დასვან მაგიდასთან. თუმცა, რასაც ცოტახნის წინ შევესწარი, ამ ამბავმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

ერთ-ერთ შეხვედრაზე მისულმა, დავაფიქსირე, რომ ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ვხვდებოდი, ფეხზე არ ამდგარა ჩემს შესახვედრად, პირდაპირ სკამიდან დამიწყო საუბარი.

შეხვედრა ზუსტად 2 წუთი გაგრძელდა, მიხვდით ალბათ, რატომაც. 3 წინადადებაში ჩავატიე სათქმელი და აუღელვებლად დავემშვიდობე "მასპინძელს". მისი კაბინეტიდან გამოსულმა კი ყველა დასაშვები სცენარი ტარანტინოდან- გაი რიჩიმდე გავიარე და მივხვდი, რომ ეს ადამიანი, უბრალოდ სავარძელს თუ არ იყო მიჯაჭვული ხერხემლის მალების დაზიანებით, მუხლი ტყვიისგან თუ არ ჰქონდა 4 ნაწილად დაშლილი და თუ კოჭზე, მოტეხილობის გამო, გიფსის 5 კილოგრამი მასა არ ედო, მაშინ, - ყველა შემთხვევაში უნდა ამდგარიყო და ისე მომსალმებოდა. ძალიან ელემენტარულია, რავიცი, არა? თუმცა, მალევე მივხვდი, ზემოთ ჩამოთვლილიდან, არც ერთი სცენარი ამ რეალობას არ შეესაბამებოდა, როცა დავინახე "აიქოსის" ასაღებად როგორ ცეცხლოვნად წამოხტა და ააბაკუნა ბოსის გაპრიალებული ინსპექტორები.

რა ბიზნესი, რა ეთიკა… და საერთოდ, "რომელ სასამართლოზე მელაპარაკებით":)

იმ დღეს ასევე უცნაური აურის გოგო გავიცანი შეხვედრაზე. ამ დროს ან მეჩვენება, რომ ჟანგბადი ზეთოვან სითხედ იქცევა და ფილტვებში მაზუთივით მეღვრება, ან მართლა ასეთ ბლანტ აურას ქმნიან ეს ადამიანები. ოთახში შესვლიდან - იმ დრომდე, სანამ სტუმრებს სათითაოდ მივესალმე და სკამზე გრაციოზულად დავჯექი, ვიგრძენი, ქინძისთავივით წვეტიანი და მზის სხივივით მწველი მზერა ლავიწის ძვლებსა და ნიკაპს შორის, როგორ მეშლებოდა სხივებად. ამიტომ, თვალი-თვალში გავუყარე და წყალი ხომ არ გნებავთთქო? - ყურადღება გადავუტანე. გაჭრა - წყალს გავატანე მისი მზერის ანარეკლი. დაჟინებული ყურების შემდეგ, 35 წუთის მანძილზე მიმტკიცა, რომ ახალ თაობას სხვა შესაძლებლობები მიეცა (სავარაუდოდ, ხაზგასმა სურდა, რომ მე ძველი თაობა ვარ:) თუმცა არავინ ედავეოდა ნამდვილად. აღნიშნა, რომ "პოლიტიკური დიპლომატიის" უნიკლაურ შესაძლებლობებს ფლობს და თავად ბარაკ ობამასთან იყო შეხვედრაზე ნამყოფი, სადაც საკმაოდ უხვი კომპლიმენტებით დასაჩუქრდა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტისგან. მინდოდა მეკითხა, რა თემას განიხილავდნენ ეგ და ობამა, მაგრამ დამეზარა. მივხვდი, რომ რუდოლფ ერიხ რასპეს "ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი", რამდენჯერმე, ბავშვობაში უკვე წაკითხული მაქვს, ზაფხულის არდადეგებზე და მისი ფეიკ ვერსიის მოსმენა, 30 წლის შემდეგ, ნამდვილად აღარ მინდოდა. სხვათაშორისო, - წასვლისას მომიბრუნდა ეს გოგო - თქვენ კი გეტყობათ, რომ ვარჯიშობთ, თუმცა მე ასევე ნუტრიციოლოგი ვარ, რომელიც ჯანმრთელი ცხოვრების წესითაა გატაცებული, უბრალოდ, ბოლო 3 თვეა, კვებას მეც ავურიეო. მიმოვიხედე, ვინმე სხვას ხომ არ მიმართავდა, თუმცა, მალევე მივხვდი, ობამას შემდეგ ეს ჩემზე კიდევ ერთი ძლიერი შთაბეჭდილების მოხდენის მცდელობა იყო ამიტომ გავუღიმე "პერიოდულად, თავს მოდუნების უფლებაც უნდა მივცეთქქო" - დავამშვიდე.

ამავე საღამოს, ბანკში მოლარე ოპერატორი შეცხადებით ამტკიცებდა, რომ მათი მხრიდან უხეშად საუბარი, დაუშვებელია, რომ ეს მკაცრად კონტროლდება, თუმცა მეორე წუთში ისეთი ტონით დაელაპარაკა თავისივე კოლეგას, 2 ნაბიჯით უკან დავიხიე, უცბად მისთვის წყლით სავსე ჭიქა რომ გაექანებინა, ნაკლებად დავსველებულიყავი. სხვათაშორის, ცივი შხაპის მიღებას გადავურჩი.


შხაპზე გამახსენდა, ვინმემ რომ დილის 8 საათზე შემოიხედოს ჩემს სახლში და ნახოს დილის რა რუტინას გავდივარ, ცალკე ფილმს გადაიღებდა. ესაა ელვის სისწრაფით მორბენალი გოგო, (ხშირ შემთხვევაში, ფრანით კი არა, სველი თმით მორბენალი) რომელიც ლოგინის ალაგებას, სადილის მომზადებას, ჩაცმასა და თმის გაშრობას პარალელურ რეჟიმში აკეთებს. ამავდროულად, სავსებით შესაძლებელია აუთოვებდეს, სვამდეს ყავას, რეცხავდეს ჭურჭელს, დაუსრულებლად ეძებდეს დაბალყელიანი გეტრის შესატყვის წყვილს და დაისონის ფენს, რომელშიც ხელფასის მესამედი გადაიხადა 1 წუთიანი ინტერვალით, უმოწყალოდ ახეთხებდეს მუხის პარკეტზე. როგორც იქნა, ავეწყვე და გავედი გარეთ, მანქანისკენ მივქრივარ. ამასობაში ვხედავ ჩემი მეგობარი მეეზოვე ქალი, რომლის სახელიც რუზანაა თუ სუსანა, სულ მერევა - ქუჩას ხვეტს.

დამინახა და გამოიქცა - როგორ ხარ, გოგოო? - მეკითხება. მეთქი - არაჩვეულებრივად, შენ როგორ ბრძანდები-თქო? არამიშავსო, ეს რამხელა ნაგვის პარკი მოგაქვსო - დღემდე მგონია, რომ რა რაოდენობის ნაგავსაც ჩემი 42 კვადრატიანი ბინა იტევს, ამდენი არც ერთის სახლში არ გროვდება - მეთქი, ვერ ამოვწურე სუსანა, ეს ოხერი ყუთები და აბა რა ვქნათქო. მომეცი, გადაგიყრიო, - შემომთავაზა. მე ცუდად ვხვდები ასეთ საქციელზე და ყოველ ჯერზე უარით ვისტუმრებ. კაცო რა მოხდა, განა ეგ არის ჩემი საქმეო?! - მომაძახებს - მაგრამ მაინც ეღიმება, ალბათ უხარია, დამატებით რომ არ ვასაქმებ. მერე 2 წუთი გავჩერდებით, ერთმანეთს მოვიკითხავთ, კარგ დღეს ვუსურვებთ და მე ჩემს გზაზე მივდივარ, ის ქუჩის ხვეტვას აგრძელებს. სულ 2 წუთი კი ვხვდები, თუმცა, შორიდანვე იმდენ სითბოსა და სიკეთეს ასხივებს ეს ადამიანი, შეუძლებელია არ შენიშნო. გამორიცხულია არ იგრძნო. უბრალოდ, - არ არსებობს!

ჰოდა, იმ დღეს ვფიქრობდი, რა გენიალური რამაა რომ ამ ვიბრაციას ადამიანები ტალღებად ვასხივებთ, მე კი ვდვაგარ და ვუყურებ, ფერადია ეს ტალღა და გავიაროს მასში, თუ - ავირიდო.

ბოლომდე გულწრფელი რომ ვიყო,ისე გამოდის, რომ ძირითადად ვირიდებ, ვიდრე ვიღებ. თუმცა, ერთ რამეში ამ პერიოდის მანძილზე, ნამდვილად დავრწმუნდი - ღირსეული რომ იყო ამაში არც 2 უმაღლესი განათლებაა გეხმარება, არც ბავშვობაში ვერცხლისფერი კოვზიდან ფაფის ჭამა და არც ბევრი ფულის ქონა/არ ქონა.

ღირსეულად უბრალოდ იბადებიან - მშვიდები, ლაღები, თავდაჯერებულები, ხელის გადაწევის სურვილს მოკლებულები, სხვებისთვის თავის მოწონების ისტერიისგან დაცლილები.

ჯამში ხომ მხოლოდ ისაა მნიშვნელოვანი, თუ რა გარემოში ყოფნა გვანიჭებს სიამოვნებას და ეს გარემო, თუ გეჩვენება, რომ ბოლომდე შენი არ არის, მაშინ - ნამდვილად არ გეჩვენება.

მე არ ვიცი რას ფიქრობს სავარძელს მიჯაჭვული ბიზნესმენი, ბოსის გაპრიალებული ფეხსაცმლით. არც ის ვიცი, იმ ნუტრიციოლოგსა და მსოფლიოში პირველ პოლიტიკოსს რა ოცნება აქვს. არც ის - ბანკში ჩემმა ოპერატორმა მეორე დღეს მაინც თუ შეასხა წყალი თავის კოლეგას. ფაქტი ერთია - ბედნიერი ადამიანები არავის, არასდროს, არაფერს არ უმტკიცებენ, არ იყეფებიან და სხვისი აღიარებით არ კნინდებიან.

სამაგიეროდ, მე ზუსტად ვიცი ჩემი მეეზოვე რას ღიღინებს ყოველ დილით, ჩემი სახლის ფანჯრებთან. ვიცი, როგორ იწევს ყურთან ჩამოშლილ თმას ჩემი დანახვისას, თითქოს ქუდს იხდის პატივისცემის ნიშნად და დახმარებას მთავაზობს, როგორც არ უნდა დაკავებული ჰქონდეს ხელები. ის მხოლოდ ბედნიერ აურას ასხივებს და ამას ყველა ადამიანი იგრძნობს, ვინც ჩემს ქუჩაზე ჩაივლის.



Comments


Join My Mailing List

Thanks for submitting!

  • Grey Facebook Icon
  • Grey Pinterest Icon
  • Grey Instagram Icon
Instagram @tekla.iordanishvili​

© 2019 by Tekla​. Proudly created with Wix.com

bottom of page