top of page

სცენა

  • Writer: Tekla Iordanishvili
    Tekla Iordanishvili
  • Oct 1, 2022
  • 2 min read




როგორ გგონიათ, რატომ გვჭირდება სცენა და განათება, ჩაბნელებულ დარბაზში ხალხის სუნთქვისა და ხმადაბალი გადაჩურჩულების გაგონება, ბედნიერები რომ ვიყოთ? რატომ არის მნიშვნელოვანი სხვისი აღფრთოვანების დაფიქსირება ჩვენი პირადი ცხოვრების მისამართით? იმ პირადის, რატომღაც მუდამ საჯარო რომ ხდება, რათა ყველამ ნახოს, თუ რა იდეალური ურთიერთობებით დაგვაჯილდოვა განგებამ. ნებისმიერ თაიგულზე, კოცნასა და საჩუქრის ჩუქებაზე ადრესატების დათაგვა და მრავალათასიან აუდიტორიაში, მკვერთი შუქის მათზე მინათება, აპლოდისმენტების მოლოდინით, ნუთუ ნორმალურია?! ნეტა რაიმე პირადს მაინც თუ იტოვებენ საკუთარი თავისთვის, ფიქრისთვის, ანალიზისთვის... ამ ბედნიერების სრული შემეცნებისა და გათავისებისთვის.

არ ვიცი. არ მესმის. რეალობას ცოტა, ან ძალიან მოკლებული მგონია. უფრო - ძალიან :)

მე ვთვლი, რომ ჭეშმარიტად ბედნიერ ადამიანებს, იმათ, ვისაც საკუთარი ეგოს სხვისთვის სახეში ტყლაშუნი არაფერში სჭრდებათ, რადგანაც ისედაც ძალიან თავდაჯერებულები არიან, საჯაროობისთვის ნაკლებად სცალიათ. უბრალოდ, არც კი აფიქრდებათ, რომ მსგავსი ამბით სცენაზე გავიდნენ და მაყურებელთა ტაშს დაელოდონ. მეტიც, - ინტიმურ პროცესში, სხვისი ჩართულობის აუცილებლობას ისინი აბსოლუტურად ვერ ხედავენ.

ისე, მართლა რომ დაფიქრდე, მაშინ როცა ზრდასრული ადამიანი გქვია და ყვავილებს თაყვანისმცემლები გჩუქნიან, (მე, მაგალითად, ხშირად ჩემით უფრო ვყიდულობ) ამ ფაქტის ყველა სოციალურ არხზე სხვადასხვა ტექსტით დადება და სახეზე დიდი მანათობელის მინათება, ცოტა უცნაურად გახასიათებთ, არა?

ამდენი მტკიცებულება სიყვარულის, მონატრების, მეორე ნახევრის უნიკალურობის, მისი განუმეორებლობის, - საღ აზრს ცოტა მოკლებულია, არ მეთანხმებით?! საინტერესოა, ვის რას უმტკიცებენ ამით?! ბევრი ვიფიქრე და საბოლოოდ, დავრწმუნდი, რომ ეს საკუთარი თავის ერთგვარი შეგულიანების მცდელობაა, რომელიც მაშინ გჭირდება, როდესაც დაბალი თვითშეფასება გაქვს. ის რომ ყვავილებს გჩუქნიან, კანფეტებსა და სამკაულს, ნორმალურია და ყველას ცხოვრებაში, რაღაც დოზით ფიგურირებს. შეყვარებულიც, პერიოდულად, ყველას ჰყავს, ზოგს - ერთდროულად რამდენიმეც :)

და მაინც.. რატომ გვინდა ეს ტაში, ან რისთვის, სხვისთვის?! - აი, ამ სიყალბის არ მჯერა. არ მჯერა და მეცინება. ჩემი შვილი მახსენდება - გიო, რომელიც 11 წლის ხდება და გოგოებს რომ მოეწონოს, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ლამაზი ბოტასი და ჰუდი ჰქონდეს. მე ვუხსნი, რომ თუ გოგოებს ის მოეწონებათ, მისი ბოტასიც ძალიან პოპულაური იქნება. მისმენს, მაგრამ მაინც ეჭვი ეპარება შემს სიტყვებში და ლამაზი სპორტული ფეხსაცმლის შერჩევას აგრძელებს.

სულ ვფიქრობ, რაღაზე უნდა ველაპარაკო 25+ ადამიანებს, რომლებიც ასე ინფანტილურად იქცევიან იმიტომ, რომ სხვათა ინტერესი და მათი დადებითი ოვაცია დაიმსახურონ. დაამტკიცონ, რომ ისინი სათანდოდ კარგები არიან. ისეთები, ვინც ყველაზე გამორჩეული სიყვარულით უყვართ, ვისაც წარმოუდგენელ სიურპრიზებს უწყობენ...

როცა მიყვარს, ტელეფონი და ხალხი კი არა, საერთოდ სხვა განზომილებაში გადავდივარ. არავის ჩარევა, აზრი და ვარაუდი არ მაინტერესებს. არც ერთი თვალი და ყური არ მინდა. ეს ურთიერთობა იმდენად მხოლოდ ჩვენ ორს გვეხება, რომ ვის ახსოვს ხალხი? ჩვენს შორის ხალხი, საერთოდ, რა შუაშია? - პირიქით, შირმა მჭირდება ეს საოცარი მუხტი და ჯადოსნური ენერგია რომ არ გამეფანტოს. არ გაიბნეს ის უნიკალური სხივი, რაც ყველაზე ნამდვილია. მარტო ჩემთან მინდა დარჩეს. მაისურის ქვეშ დამალული სამკაულივით, კანის შიგნიდან მინდა დავიმაგრო. რად მინდა სცენა და მკვეთრი განათება ამისი მტკიცებულებისთვის?

მე ასე მესმის ნამდვილი სიყვარული. მადლიერი ვარ და უბრალოდ ვიღიმი, როდესაც ჩემი ერთგულები რჩებიან, ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა ოღონდ, ჩემთვის ვთვლი - ეს არის, და ეს.

და მაშინ, როდესაც მეასე დითირამბს ვაწყდები ქმრებზე, ან ცოლებზე, სასკოლო თემაში ეპიზოდებად დაყოფილი დახასიათებასავით, „საუკეთესო“ ზედსართავი სახელის მეათასე ტავტოლოგიით, სულ ვფიქრობ, ერთ საძინებელში მყოფთ ლოგინში გადაბრუნება და ამ ყველაფრის მათთვის პირადად თქმა, ნუთუ არ შეუძლიათ?! ცხადია, შეუძლიათ, მაგრამ იქ მრავალათასიანი მაყურებელი არ არის.

მე კი ამ დროს ჩემთვის ვიღიმი და ისევ ჩემი შვილის დაჟინებული თხოვნა მახსენდება - დე, აუ, გადამიღე ვიდეო სკეიდით როგორ ვეშვები დაღმართზე, ინსტაგრამზე უნდა დავდო, რომ ყველამ ნახოს. დეე, მიღებ?!




Comments


Join My Mailing List

Thanks for submitting!

  • Grey Facebook Icon
  • Grey Pinterest Icon
  • Grey Instagram Icon
Instagram @tekla.iordanishvili​

© 2019 by Tekla​. Proudly created with Wix.com

bottom of page