top of page

ერთი უცნაური ჩვევა მაქვს ბავშვობიდან - იმ სახლში სადაც ვიწყებ ცხოვრებას, ვიცი ერთი რომელიმე სკამის აჩემება, საღამოობით ფანჯარასთან დადგმა და გარემოს თვალიერება. თუ ეს ფანჯარა ხალხმრავალ ქუჩას უყურებს, ხომ საერთოდ მეკარგება დროის შეგრძნება. საათობით შემიძლია ასე ყოფნა. არ მიცდია, თუმცა, დარწმუნებული ვარ მთელი ღამითაც ვიჯდები მშვიდად, დიდი ჩაისა ან რძიანი ყავის ჭიქით ხელში და თვალით უამრავ კადრს გადავუღებ ფოტოს, დავასკანერებ და შემდეგ მოვათავსებ ტვინის რომელიმე ფოლდერში. არ ვიცი რად მინდა, უბრალოდ მამახსოვრდება.

რა უცნაურია, იცით? ფანჯარასთან ჯდომის დროს დამახსოვრებული კადრები შეიძლება 2-3 დღით გამყვეს და აბსოლუტურად უდროო დროს ამომიტივტივდეს თავში. წარმოსახვით ვიგრძნო მურაბიანი ჩაის გემო, ან რძიანი ყავის სურნელი... პარფიუმის მკვეთრი არომატი. ხშირად შემიძლია გავიგო სადღაც, გონებაში ჩარჩენილი სიცილიც კი. სად იკვეთება ხაზი რეალურსა და არარეალურ სამყაროს შორის? იქნებ არც არსებობს ეს ხაზი და ჩვენ, ადამიანებმა უბრალოდ ამ ორი მდგომარეობის რაღაცნაირი გარჩევა ვისწავლეთ? ან ... ვისწავლეთ, რო?

მერე დანახული ისტორიების ჩემებურ სცენარს ვძერწავ, ჩემთვის, ისე... უბრალოდ. ვაკვირდები შელახულ ფეხსაცმლიან ბებოებს, ზამთარში საკმაოდ თხლად რომ აცვიათ და წარმოვიდგენ, როგორ სახლებში ცხოვრობენ, როგორი გარემო აქვთ, სითბო ხომ არ აკლიათ. ვბრაზდები მათ შვილებზე და არ მესმის, რატომ არ უვლიან სათანადოდ მოხუცებს. ჰყავთ რო შვილები? ვუყურებ მოსეირნე წყვილებს და მინდა, ამოვხსნა მათი სიყვარულის ისტორიები, ნეტა, ნამდვილად თუ უყვართ ერთმანეთი... თუ კი, როგორ უყვართ...

ყველა მომღიმარ გოგონას მინდა ხელი დავუქნიო და ვუთხრა, რა მაგარია, რომ დაღლილობის მიუხედავად, კარგ ხასიათზე ბრუნდება საღამოს სახლში. ყველა ბიჭს კი ვინც „პრადო“, „ჯი ელ“- იდან თუ „პორშე"-დან (ეს პორშე რაღაც ძალიან ავიჩემე:) სიგარეტის ნამწვავს „უპრაგონოდ“ ისვრის მეეზოვეეთა მისამართით, ან პროდუქტებით სავსე ცელოფნებით დატვირთულ ქალებს გზას არ უთმობს, იმიტომ რომ „ეჩქარება", მინდა წინა ბამპერზე გავუქანო რამე მძიმე საგანი და სათითაოდ მოვაყოლო ყველა თითი საკუთარი მანქანის კარში. ყველა იმ კაცს კი ვინც ბავშვს ბანს, აჭმევს და აძინებს იმიტომ, რომ მის მეორე ნახევარს დედისთვის არსებული ტრილიარდი საქმე შეუმსუბუქოს, მინდა ვუთხრა, რომ ის აუცილებლად სამოთხეში მოხვდება. ცოტახნით ვწყვეტ ფიქრს და ისევ რეალურ სამყაროს ვუბრუნდები. გუშინდელზე ბევრად ძლიერად უბერავს ქარი და ლამპიონებით განათებულ ქუჩაზე კონსერვის ქილების მსგავსი ხმით დაახრიალებს ხის გამხმარ, თითქოს სპლენძნარევ ფოთლებს.

მიყვარს ეს ქალაქი და აქაური ქარიანი, ოდნავ არეულ-დარეული, რეალური და ზოგჯერ არარეალური ისტორიებიც. მიყვარს იმაზე ფიქრი, რომ ყველა ადამიანს, ვისაც კი ქუჩაში ვხედავთ, თავისი უნიკალური და დაუჯერებელი ისტორია აქვს. თქვენ არა?! - მგონი არ ვცდები, სწორედ რომ კიდევ ერთი, ჟოლოს მურაბიანი ჩაის დალევის დროა!

 
 
 

Updated: Jan 27, 2020

იმ დღეს ვფიქრობდი. იმ დღეს კი არა, ხშირად მიფიქრია ამ მდგომარეობაზე, მაგრამ იმ დღეს განსაკუთრებულად დავფიქრდი.

ხომ არსებობენ ადამიანები ვინც გვიყვარს, ადამიანები ვინც არ გვიყვარს, მაგრამ მოგვწონს. ადამიანები, ვისთანაც რაღაც განსაკუთრებული მომენტი, მოვლენა და ემოცია გვაკავშირებს. ვიღაცასთან სიცილი... სხვასთან სიცილზე მეტიც...

და შემდეგ როგორ ხდება, რომ ამ ბევრი, მრავალფერადი და მულტიემოციური თავგადასავლებიდან გონების ფსკერზე მხოლოდ რომელიღაც, 1 წამში ჩატეული დეტალები გველექება და სხვა, მთელი ისტორია უბრალოდ ქრონოლოგიური კადრების მატარებელივით ჩაივლის.?! ზუსტად ისე, როგორი სიჩქარითაც თვალს ვახამხამებთ. ზუსტად ისეთი სიხშირით, როგორი გულისცემაც აქვს თითოეულ ჩვენგანს.

რა დეტალები გვრჩება მეხსიერებაში? მხოლოდ ძალიან მნიშნელოვანი, ყველაზე ემოციური, თუ რასაც იმ წუთისთვის განსაკუთრებული სიმძაფრით აღვიქვამთ?

ან, იქნებ ასაკს გააჩნია?

და მეხსიერებაში რამდენი ხნით რჩება ეს ემოცია - ერთი, ათი, ოცი წლის განმავლობაში?

იქნებ, მთელი ცხოვრება?!

ძალიან კარგად რომ დავფიქრდე და ძალიან, ძალიან გულწრფელი რომ ვიყო, მე მაქვს ერთი ამგვარი მემორი, რომელიც ბევრი წელია ტვინის ერთ-ერთ ფოლდერში მაქვს უხილავი მაგნიტით დაფიქსირებული. არც დრო მოქმედებს მასზე და ვერც ჩემი გადატვირთული ცხოვრების წესი ერევა მას - არის თავისთვის, სტატიკურად.

უბრალოდ, ყოველ ჯერზე, როდესაც მახსენედება და ძალიან ხშირად ვიხსენებ, სულ ერთი და იმავე ემოცია ახლავს თან - პეპლები მუცელში.

ნეტა, სულ მემახსოვრება?

კი, თუ არა?

მე მინდა, რომ - კი!



 
 
 

Updated: Dec 11, 2019

ყოველი მოგზაურობისას ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჟანგბადით სავსე ბალიში მომაწოდეს და უჰაეროდ მყოფმა, ერთბაშად ამოვისუნთქე. მშვიდად მივაბიჯებ ქუჩაში. აქ არ მეჩქარება. მინდა, ხალხს დავაკვირდე. მათი საუბარს მოვკრა ყური, მერე რა, თუ მათი ენა ხშირად არც მესმის. ფეხისწვერებზე ვიწევი, რომ სახლებში შევიხედო და ხელი დავუქნიო სახლის ბინადრებს, მივესალმო და გავუღიმო. გზა თუ ამერია - ყველაზე აზარტული ხდება ჩემი მოგზაურობა. სულ მგონია, რომ რაღაც თამაშს ვთამაშობ და რომელიღაც, რთულ ტურში წარმატებით უნდა გავიდე. კაფეს "MARI VANNA" ბაქოს ცენტრში, ყველაზე ევროპულ ადგილზე, სასტუმრო ჰილტონის გვერდით იპოვნით. უმარტივერსად მისაგნები ლოკაცია აქვს, სულ რომ დაკარვა მოგინდეთ, ფიზიკურად ვერ დაიკარგებით და აუცილებლად მონახავთ. სუპერ სლავური და ძალიან სპეციფიური ინტერიერი აქვს. აქ ერთდროულად გხვდებათ როკოკოსა და პეტერბურგის მიქსი. ადგილი, სადაც ერთ ადგილას, ჭერში ერთდროულად 5 ჭაღი კიდია, თუმცა ამდენი ბროლი საერთოდ არ გეზედმეტება. მარჯვენა მხარეს ღია თაროებს მოკრავთ თვალს, სადაც უამრავი კონსერვისა და წნილის ქილაა ჩარიგებული. სულ პირდაპირ კი, ჭაღებს მიღმა, უზარმაზარი წიგნის კარადა ჩანს, რომელიც შიგნიდანაა განათებული. ეს ყველაფერი ისეთ მყუდრო და ჯადოსნურ გარემოს ქმნის, გარეთ გასვლა აღარც გინდება. უგემრიელესი კერძები აქვთ. გავიცანი ერთი პუტკუნა ოფიციანტი, უსაყვარლესი გოგო, რომელსაც მე და ჩემმა მეგობარმა "ფერია" დავარქვით ყველა ჩვენი სურვილის შესრულების გამო. ამ კაფეში წამით რეალობას აბსოლუტურად წყდები და რაღაც ზღაპრულ გარემოში იწყებ მოგზაურობას.

მოკლედ, მე ძალიან, ძალიან ვისიამოვნე და თუ ოდესმე ბაქოში მოხვდებით, აუცილებლად შეუარეთ პუტკუნა ფერიას, მე ამ ადგილს თამამად ვუწევ რეკომენდაციას!


 
 
 
Join My Mailing List

Thanks for submitting!

  • Grey Facebook Icon
  • Grey Pinterest Icon
  • Grey Instagram Icon
Instagram @tekla.iordanishvili​

© 2019 by Tekla​. Proudly created with Wix.com

bottom of page