top of page

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ყველა სამკაული მიყვარს, რაც ლამაზია. საყურეები, სამაჯურები, ყელსაბამები. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გადაჭარბებული მუშაობისგან ბოტკინისფერი არ გადევს სხეულზე და ზაფხულის მანძილზე მზისთვის ერთხელ მაინც გაქვს ნაკოცნი ტუჩებში. ნუ, კარგით, მაშინ - ლოყაზე მაინც :)

რუჯზე სამკაული სულ სხვანაირად ჩანს. უფრო მკვეთრადაა გამოხატული მარგალიტის სიკაშკაშეც და ვერცხლისა თუ ოქროსფერი მეტალის ბრჭყვიალებაც. ერთადერთი, რაც ჩემი აზრით, ყველაზე მეტად უხდება ამ სიტუაციას - ტილოს თეთრი პერანგია, იდაყვამდე აკეცილი სახელოებითა და ყელთან ოდნავ შეხსნილი სადაფის ღილებით.

ეს საქმიანობა სულ შემთხვევით დაიწყო. თავიდან უფრო გასართობად, ვიდრე სერიოზულად. მერე მიხვდა, რომ ულამაზეს ნივთებს ქმნის და ფეისბუქზე ცალკე გვერდი შექმნა. ყველანაირ ნატურალურ ქვას და მარგალიტს იყენებს. მისი ნაკეთობები საუცხოო დახვეწილობითა და ქალური სინაზით გამოირჩევა. ფასებიც ძალიან მეგობრული და ადექვატური აქვს. მოკლედ, როგორც კი ნანატრ D ვიტამინს მიიღებთ და კანს შოკოლადისფერ ტონს შეურვთ, ვფიქრობ, ამ ოქროს გოგოს სამკაულებს მართლა განსაკუთრებულად მოირგებთ https://www.facebook.com/BiserNatiAccessories








 
 
 

საოცარ პერიოდში მოგვიწია ცხოვრება: დავფიქრდით, შევშინდით, ბევრი რამ გავაანალიზეთ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ცხოვრებაში მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ფაქტია რეალურად საფიქრალი და სანერვიულო. მე, პირადად, ამ პერიოდში კიდევ ერთხელ გავუღიმე საკუთარ თავს და მივხვდი, რომ სულ არ არის საჭირო ოცდაცამეტი ათას ცხრაასი კაბის ყიდვა, თუ ყოველი ჩაცმის შემდგომ „დომესტოსით“ ან „ სიფ“ კრემით უნდა ვრეცხო. არც სამოცდაჩვიდმეტი წყვილი ფეხსაცმლის ძირის ქლორით ხეხვაა სიკეთის მომტანი - თითქოს მიუჩია პრადას, ან მანოლო ბლანიკის შვილი ვიყო, საკუთარი საამქრო მქონდეს და ყოველდღე თითო ვკერო. არ ჩაიცვამ და ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ყველა ეს ნივთი, რომელიც გარდერობშია სუნამოდაპკურებული, კარადის გამოღებისას ჩრჩილის მიერ დაბრდღვნილი (რაც არაერთხელ წარმატებით დამმართნია) დაგხვდეთ.

ხარისხიანი ნივთიც რომ ნივთია, განსაკუთრებით მას მერე დავრწმუნდი, როცა ზედმეტი დასპირტვისგან ჩემი ნაცრისფერი „დიზელის“ საფულე „დეზიგუალის“ მიერ შექმნილი ციგნების სადღესასწაულო სამოსივით წარმატებით აჭრელდა. ისტერიკისა და შოკის კოქტეილის დიდი ულუფა განსაკუთრებული სისწრაფით მივიღე და კიდევ ერთხელ დავფიქრდი ცხოვრების ამაოებაზე.

UVC Solutions Georgia ჩემი პირადი აღმოჩენაა.

ამ კომპანიის ერთ-ერთმა პროდუქტმა, ჩემი განსაკუთრებული ყურადღება დანახვისთანავე მიიპყრო, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ბუმბულის წონა აქვს, უჩვეულო ეფექტით გამოირჩევა. მაშ ასე,მინდა გაგაცნოთ სრულიად უნიკალური,

30 გრამიანი პორტატულ მოწყობილობა, რომელსაც ბრტყელი ქლიბის ფორმა და ჯადოსნური ფუნქცია აქვს - თუ ამ სტერილიზატორის ულტრაიისფერ С სხივს, 5 სანტიმეტრიანი სიმაღლიდან ნებისმიერ ზედაპირს დავანათებთ, თქვენს ირგვლივ არსებულ ყველა მიკრობი, ვირუსი და ბაქტერია 30 წამში ნადგურდება. ერთადერთი, რაც უნდა გავითვალისწინოთ არის ის, რომ აღნიშნული სტერილიზატორი მხოლოდ ზედაპირისთვის არის განკუთვნილი და მისი გამოყენება თვალისა და სხეულის არეზე აკრძალულია.

ანუ, გესმით, ხო? ვთქვათ, ვიყიდე არაჟანი, გადავატარე ეს პორტატული სტერილიზატორი და მორჩა! აღარაა მისი სპირტით დამუშავება საჭირო და ამავროულად სპირტის ჭარბი შესუნთქვისგან გამოწვეული ალერგიით ხორხის შეშუპება და დექსამეტაზონის ინექციის გაკეთება. აღარც ტანსაცმლის ხეხვა - ფერის გადასვლამდე და არც ფეხსაცმლის ძირების დაქლორვის აუცილებლობა. როგორც გავარკვიე, აღნიშნულ კომპანიას რამდენიმე ტიპის პორტატული სტერილიზატორი აქვს. მათ ონლაინ მაღაზიაში ასევე იპოვით ჩემთვის, რიგით მეორე აღმოჩენა ნივთს - „ბოქს“ სტერილიზატორს. ეს პროდუქტი ყველა დედის ახდენილი ოცნებაა. აღნიშნული ბოქსის გამოყენებით მომენტალური სტერილიზაცია უტარდება ბავშვის საწოვარას, უამრავ სათამაშოსა და ისეთ ნივთს, რომელსაც ჩვილთან ვიყენებთ. ამ კომპანიის პროდუქციიდან ზოგი ნივთი უფრო გოგოშკური მოწყობილობისაა, ზოგს მეტად მასკულინური შტრიხი აქვს. რომელიღაც დასაკეცია, ერთს კი მასიური მეტალის ჯავშანი აკრავს, თუმცა ყველა მათგანი ერთ საქმეს ემსახურება - ჩვენს დაცვას.

მგონი, მხოლოდ მისი გამოყენებით შევინარჩუნებ ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და ადამიანის იერსახეს.

P.S ლუგარის ლაბორატორიამ UVC Solutions Georgia - ს პროდუქციას რეკომენდაცია გაუწია, როგორც სტერილიზაცია-დეზინფექციის სანდო პრევენციულ საშუალებას - მე კი მათი ყველაზე მეტად მჯერა!





 
 
 

ყველაზე მეტად მაინც, ალბათ, მოგზაურობა მენატრება. მოგზაურობა და აეროპორტები. ერთ საათში ჩალაგებული ჩემოდანი და ნეიტრალურ სივრცეში ასაფრენად გამზადებული თვითმფრინავის ლოდინი. უხ, ღმერთო, აფრენამდე ბოლო ეს ერთი საათი მაინც რა განსაკუთრებულად ჯადოსნურია! სხვა არომატი აქვს ამ სივრცეს, ცოტა გრილი ჰაერის და ცოტა პარფიუმის, ცოტაც...

ცათამბრჯენები და ესტაკადები. ათასფრად გაბრდღვიალებული დოჰა ღამით, როცა ვთვლი, რომ ყველაფერი ისედაც მაგიურ ელფერს იძენს, განსაკუთრებულად ემსგავსება ჩემს ქვეცნობიერში დალექილ ზღაპრულ ადგილს.

ჩემი სასტუმროს ბოლო სართულზე, ღია რესტორანში, მუდამ ცოცხალი, ლათინური მუსიკა ისმის. ყველა მაგიდა ულამაზესი ქოლგის ქვეშ არის მოქცეული. ცენტრში, ცისფრად მოლივლივე აუზი სცენის განათებას ირეკლავს და მე საოცრად, იმაზე მეტად, ვიდრე ბავშვებს უნდებათ, სურვილი მაქვს, რომ აუზში ჩავხტე და კაბის აწეული ბოლოებით ხელში, ვიხტუნაო.

ალბათ ცოტა ვისკის ბრალია, ან უბრალოდ ძალიან ბედნიერი ვარ, ან ორივე ერთად მჭირს. აღნიშნული შოუს დადგმისგან მაინც თავს ვიკავებ. ეს აფრო-ამერიკელი ქალი ჩემი ჩარევის გარეშეც საკმაოდ კარგად ართობს ხალხს. ამიტომ, სკამის ზურგს მშვიდად ვაყრდნობ მხრებს და ცის თვალიერებას ვიწყებ. აქაური ცა, არ ჰგავს საქართველოში ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცას. აქ მთვარეც, ყვითლის ნაცვლად - ცეცხლმოკიდებული ფორთოხლის ფერია.

აუზის კიდეს მივუყვები, წონასწორობისთვის ხელები მაქვს გაშლილი. ალბათ წყალში ჩახტომის სურვილს ბოლომდე ვერ მოვერიე და ვცდილობ, ძალით ავირიო წონასწორობა.

ახლა ჩავალ და ძილის წინ ფეხით გავივლი. საოცარი მუხტი აქვს აქაურობას, ამ გარემოსა და ადგილებს. ერთხელ მაინც თუ მოხვდებით დოჰაში მინდა, რომ ძალიან ბევრი ისეირნოთ. თხემით-ტერფამდე შეიგრძნოთ ახლო აღმოსავლეთის არომატი. სურნელი, რომელიც მხოლოდ არაბეთშია და სურნელი, რომელიც ყველაზე ჯადოსნური ამბების არსებობაშიც გარწმუნებს.

ქუჩაში მარტივად მიპოვნი. ლიმნისფერი, მუხლამდე სწორად დაშვებული კაბა მაცვია. თმის სამაგრი ამჯერადაც აბაზანაში დამრჩა, ამიტომ ადმინისტრატორის მიერ მოცემული ფანქარით მაქვს თმა შეკრული. აბსოლუტური ბედნიერებისთვის ველოსიპედი მჭირდება და მაპოვნინებ?! - ნუ, მაშინ გელოდები!

 
 
 
Join My Mailing List

Thanks for submitting!

  • Grey Facebook Icon
  • Grey Pinterest Icon
  • Grey Instagram Icon
Instagram @tekla.iordanishvili​

© 2019 by Tekla​. Proudly created with Wix.com

bottom of page