ლიმნისფერი კაბა და სახატავი ფანქარი
- Tekla Iordanishvili

- May 10, 2020
- 1 min read
Updated: Jun 7, 2025
ყველაზე მეტად მაინც, ალბათ, მოგზაურობა მენატრება. მოგზაურობა და აეროპორტები. ერთ საათში ჩალაგებული ჩემოდანი და ნეიტრალურ სივრცეში ასაფრენად გამზადებული თვითმფრინავის ლოდინი. უხ, ღმერთო, აფრენამდე ბოლო ეს ერთი საათი მაინც რა განსაკუთრებულად ჯადოსნურია! სხვა არომატი აქვს ამ სივრცეს, ცოტა გრილი ჰაერის და ცოტა პარფიუმის, ცოტაც...
ცათამბრჯენები და ესტაკადები. ათასფრად გაბრდღვიალებული დოჰა ღამით, როცა ვთვლი, რომ ყველაფერი ისედაც მაგიურ ელფერს იძენს, განსაკუთრებულად ემსგავსება ჩემს ქვეცნობიერში დალექილ ზღაპრულ ადგილს.
ჩემი სასტუმროს ბოლო სართულზე, ღია რესტორანში, მუდამ ცოცხალი, ლათინური მუსიკა ისმის. ყველა მაგიდა ულამაზესი ქოლგის ქვეშ არის მოქცეული. ცენტრში, ცისფრად მოლივლივე აუზი სცენის განათებას ირეკლავს და მე საოცრად, იმაზე მეტად, ვიდრე ბავშვებს უნდებათ, სურვილი მაქვს, რომ აუზში ჩავხტე და კაბის აწეული ბოლოებით ხელში, ვიხტუნაო.
ალბათ ცოტა ვისკის ბრალია, ან უბრალოდ ძალიან ბედნიერი ვარ, ან ორივე ერთად მჭირს. აღნიშნული შოუს დადგმისგან მაინც თავს ვიკავებ. ეს აფრო-ამერიკელი ქალი ჩემი ჩარევის გარეშეც საკმაოდ კარგად ართობს ხალხს. ამიტომ, სკამის ზურგს მშვიდად ვაყრდნობ მხრებს და ცის თვალიერებას ვიწყებ. აქაური ცა, არ ჰგავს საქართველოში ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცას. აქ მთვარეც, ყვითლის ნაცვლად - ცეცხლმოკიდებული ფორთოხლის ფერია.
აუზის კიდეს მივუყვები, წონასწორობისთვის ხელები მაქვს გაშლილი. ალბათ წყალში ჩახტომის სურვილს ბოლომდე ვერ მოვერიე და ვცდილობ, ძალით ავირიო წონასწორობა.
ახლა ჩავალ და ძილის წინ ფეხით გავივლი. საოცარი მუხტი აქვს აქაურობას, ამ გარემოსა და ადგილებს. ერთხელ მაინც თუ მოხვდებით დოჰაში მინდა, რომ ძალიან ბევრი ისეირნოთ. თხემით-ტერფამდე შეიგრძნოთ ახლო აღმოსავლეთის არომატი. სურნელი, რომელიც მხოლოდ არაბეთშია და სურნელი, რომელიც ყველაზე ჯადოსნური ამბების არსებობაშიც გარწმუნებს.
ქუჩაში მარტივად მიპოვნი. ლიმნისფერი, მუხლამდე სწორად დაშვებული კაბა მაცვია. თმის სამაგრი ამჯერადაც აბაზანაში დამრჩა, ამიტომ ადმინისტრატორის მიერ მოცემული ფანქარით მაქვს თმა შეკრული. აბსოლუტური ბედნიერებისთვის ველოსიპედი მჭირდება და მაპოვნინებ?! - ნუ, მაშინ გელოდები!






Comments