top of page

მე, პირადად, არასოდეს ვუსმენდი ჯენიფერ ლოპესს. ერთადერთი თვისება, რის გამოც ამ ქალს უდიდეს პატივს ვცემდი იყო ის, რომ რაც თავი მახსოვს, სულ ვარჯიშობდა.

შედეგმაც არ დააყოვნა და ამ დაუჯერებელი, 50 წლის ასაკში, იმაზე კარგად გამოიყურება, ვიდრე 30 წლის თბილისელი, ან თუნდაც არათბილისელი გოგონა.

მინდა გითხრათ, რომ ვარჯიშის მიღმა ამ ქალმა ასევე ჯადოსნური ბალანსი დაიჭირა ბოტოქსთან თამაშის დროსაც. საერთოდ რაიმე თუ აქვს გაკეთებული სახეზე, არ ეტყობა. კანის შეცვლილ სტრუქტურას ვერ შეატყობთ ვერც ხელებსა და ყელზე - ადგილებზე, რომლებიც უტყუარად ასახავენ ჩვენს ასაკს. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც იმ აზრზე ვარ, რომ რაც არ უნდა ბევრი ვისაუბრო სწორ კვებაზე, ცხადია, რომ სხეულის ფორმისა თუ სტრუქტურის შესანარჩუნებლად მხოლოდ კვება ვერ გვიშველის - ფიზიკური აქტივობა გარდაუვალია. დიახ, ეს დამატებითი ხარჯია, მაგრამ ნახეთ, რა მოხდება, თუ ივარჯიშებთ: მოიშორებთ ზედმეტ კილოგრამებს; შეამცირებთ ორგანიზმში ცხიმის პროცენტულობას, რისი მოჭარბებაც უთვალავ პრობლემას იწვევს ნებისმიერ ასაკში; შეგეცვლებათ სხეულის ყველა გარშემოწერილობა (პირველივე თვეს); სარკის წინ თამამად გაიხდით, საკუთარი სხეულის თვალიერება ახალ გატაცებად გექცევათ და აღარ გამოიცვლით კედლისკენ შებრუნებით უხერხულად მდგომი; ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ არასოდეს დაბერდებით - 50 წლის ასაკში ყველანი იქნებით "ჯენიფერ ლოპესები". მე დიდი ხანია მივხვდი, რომ ეს ყველაფერი საკუთარი თავისთვის უნდა აკეთო, ვარჯიში კი სიბერის დამარცხების ერთადერთი მეთოდია. ჯენიფერზე არასოდეს ვგიჟდებოდი-თქო კი ვამბობ, მაგრამ მგონი ახლა მომაჯადოვა - ყოველდღე ვათვალიერებ მის სხეულსა და მოვლილ სახეს. ვთვლი, ამ ასაკში ყველაზე ლამაზად გამოიყურება, ვიდრე ოდესმე და ეს იმიტომ, რომ ის განუწყვეტლივ ვარჯიშობდა და ქართველებივით, "ორშაბათისთვის" არასოდეს უცდია.


 
 
 

ორსულობის არც ერთი დღე არ მახსოვს, არც ერთი სიმპტომი და ჩივილი, აბსოლუტურად არაფერი. ჩემნაირი თვალებითა და წარბებით დაიბადა, ვენებიც ჩემნაირად ეტყობოდა სახესა და სხეულზე. წარმოუდგენელი გრძნობაა, 4 კილოგრამი ცომის გუნდა ჩემი თვალებითა და წარბებით! ახლა, 8 წლისაა და ბეტ-მენის ეპოქა გვაქვს. ყველაფერი ამ გმირის ილუსტრაციითა და ლოგოთი უნდა, რომ ჰქონდეს. ძალიან მოსწონს ცეკვა და სახლში სულ ცეკვავს. ფიქრობს, რომ გამოვიდეს სპეცრაზმის უფროსი, მოცეკვავე და "მეთონე" - თონის პური სახლში ხშირად წამოვიღებო.

მისთვის ჩემით ამოდის მზე. მხოლოდ ჩემს განწყობას აკვირდება. მე ვარ მისთვის ჭექა-ქუხილიც და ცისარტყელაც. არ ვიცი რამდენად გამოვა სპეცრაზმის უფროსი, მოცეკვავე, ან "მეთონე"უბრალოდ მინდა, რომ ღირსეული ბიჭი იყოს. სხვა დანარჩენს - ცხოვრება გვიჩვენებს. ჯერ - ჯერობით კი, ყურსასმენებით თავზე ძალიან მონდომებით მღერის Maroon 5 -ის "Sugar"- ს:

"შოთააააა

იეს სიიი.

ალ ბი ალ ბი

დანამიიიიი".

და პერიოდულად მეკითხება: დე, ხომ ძალიან მაგრა ვმღერი?!




 
 
 

Updated: Jan 5, 2020

მე და ჩემს შვილს ახალ უბანში "მინი დუბაი" დაგვხვდა და ერთბაშად Met GALA-სიტუაციაში მოვხვდით. პიჯაკები და ქუსლები, დიპლომატიური მისიები, ხელში აიპადებითა და ყურში ბლუთუზებით... შენობები შთამბეჭდავია - მაღალი და გაპრანჭული, ახლადაშენებული. კერძო ვილები ზოგან საუცხოო დიზაინით გხვდება, ზოგან კი სიტუაციიდან ამოვარდნილი, თალაგვა კოლონკელიძის სასახლის მსგავსი თვალუწვდენელი გალავნით - კარზე ჩუქურთმით, ჩუქურთმაზე მშვილდ-ისრიანი ამურით, ამურზე კამერებით, კამერებზე გისოსით, მოკლედ, სიგიჟე!

ამ უბნის საცურაო აუზზეც, მომხმარებელთა 90 პროცენტი ნაღები და ბომონდი საზოგადოებაა. პორშე კაიანებით, შავი პრადოებითა და X 6 - ებით გადაძეძგილ პარკინგზე არნახული გრაციით ვაყენებ ჩემს 2000 წლის ვერცხლისფერ ტოიოტას და ასევე არნახული სინარნარით შევდივარ შენობაში. ბოლო პერიოდია, ერთი მშობელი მხვდება თვალში. ძალიან გემოვნებით აცვია, Celine, Prada, Dior. თავისი სტილი აქვს და საოცარი პარფიუმის შლეიფი დაჰყვება - მომწონს, მოკლედ! ჰოდა, ისე მოხდა, რომ იმ დღეს, ერთმანეთს დავემთხვიეთ. უცებ, ვხედავ, მისი ბავშვი გარბის დედისკენ და ეხუტება და ეკითხება:

- დე, იცი რა მაინტერესებს... აი, აუზში, ბავშვები ლაპარაკობდნენ "კარაბას-ბარაბასზე", მე ვერ გავიგე რაზე ყვებოდნენ და ვინ არის?

და ამ დროს, "ანა ვირტუ" შვილს პასუხობს:

- "კარაბას-ბარაბასი" არის ჯადოსნური სიტყვები, როცა რაიმე სურვილის ასრულება გინდა, ამბობ ამ სიტყვებს და ნატვრა გისრულდება!

მერე მე ჩუმი ისტერიკა დამემართა, ერთიანად დამემსხვრა "დიორები", "პრადები"და რაღაც მიწისძვრასა და წყალდიდობას შორის არსებული გრძნობა დამეუფლა. გონზე რომ მოვედი, ვხედავ ჩემი შვილი სველი დგას ჩემს წინ და მაისურზე მქაჩავს - დედა, გავიყინე! ულაპარაკოდ ჩავაცვი ბავშვს და გამოვედით პარკინგზე. "კარაბას-ბარაბასი" ძალიან ბედნიერი ჩაჯდა პორშეში და ისიც ჩემსავით "პატარა დუბაის" ქუჩას აუყვა. სავარაუდოდ, კოლონკელიძის მსგავსი გალავნის მქონე სახლში ცხოვრობს თუმცა, სადაც "პინოქიოს თავგადასავალზე" არც კი სმენია, კვეტარის ერისთავის შესახებ ძალიან მეეჭვება რამე გაეგო. ამიტომ, დავტოვებ სადაც არის, მხოლოდ წარმატება მინდა ვუსურვო და სახლის ეზოში კიდევ ბევრი მძიმე სკულპტურა.



 
 
 
Join My Mailing List

Thanks for submitting!

  • Grey Facebook Icon
  • Grey Pinterest Icon
  • Grey Instagram Icon
Instagram @tekla.iordanishvili​

© 2019 by Tekla​. Proudly created with Wix.com

bottom of page