- Tekla Iordanishvili

- Aug 28, 2022
- 3 min read
Updated: Aug 28, 2022
ადამიანებთან კომუნიკაცია ისევე მარტივად შემიძლია, როგორც დილის შხაპის მიღება ან კბილების გახეხვა, კარის ჩაკეტვა ან წყლის დალევა. რაღაცნაირად, მექანიკურად გამომდის, ფიქრის გარეშე, აბსოლუტურად ავტომატურ რეჟიმში. სულ ასე იყო, პატარაობიდანვე. თუმცა, მივხვდი, რომ ზოგისთვის ცოტა უხერხული, ან უცხოა ეს შინაგანი თავისუფლება. იმ დღეს რუსთაველზე მომიწია ფეხით გასეირნება. ვხედავ, მოდის ძალიან ლამაზი, კარგად ჩაცმული გოგო, რაღაც არაჩვეულებრივი, ჭრელი კაბით, ვუყურებ და ვუღიმი, Hermes-ისა დაბალი ღია ფეხსაცმელი და Ferragamo-ს მწვანე მინიანი მზის სათვალე განსაკუთრებულად უხდება მის კაპუჩინოსფერ ნამზეურს. უცებ ვაჩერებ და ვეკითხები - რა ლამაზი კაბაა, სად შეიძინეთ?
გოგონა შეჩერდა, სათვალე ოდნავ შეისწორა, მერე თავი მაღლა აწია და კმაყოფილად, მაგრამ ამავდროულად, ცივად მითხრა - აქ არ მიყიდია, საზღვარგარეთ ვიყიდე.
რა გინდა, ძალიან საინტერესო და კონკრეტული ახსნაა, არა? 😊 მე შევეცადე სახეზე არ გამომხატვოდა გაოცებით გამოწვეული მარცხენა წარბის შუბლისკენ აქაჩვა, ამიტომ გავიღიმე და - აჰა, გასაგებია-თქო ვუპასუხე. მერე გზა გავაგრძელე და დიდხანს ვფიქრობდი, თუ რა კომპლექსებით, შინაგანი ქარბორბალებითა და ეგზისტენციალიზმის კოეფიციენტის მინუსიდან, ჭერში ატყორცნის მცდელობებით სავსე ცხოვრება უნდა ჰქონდა ამ არაჩვეულებრივი ვიზუალის მქონე გოგოს.
უფრო საინტერესოა ჩემს მეზობლად მცხოვრები შავი პრადიოანი ბიზნესმენის ისტორია, რომელსაც არაჩვეულებრივი, მაგრამ ზვარაკობისა და მონობისკენ მიდრეკილი ცოლი და 13 წლის პუტკუნა გოგონა ჰყავს. თითქმის ყოველთვის, როდესაც ეს ბავშვი სხვა მეზობელ თანატოლებთან ერთად ეზოში, წრეში -ბურთს თამაშობს, პრადოიანი მამა შვილისთვის ყიდულობს 1 ცალ ნაყინს და მშვიდად უყურებს ზანტად როგორ ლოკავს აღნიშნულ თეთრ მასას მისი გოგო მაშინ, როდესაც ყველა სხვა ბავშვი ამ დროს უხერხულად იშმუშნება.
ჩემს სახლთან ახლოს, პატარა მაღაზიაა. მაღაზია, რა, უფრო ძველი მაღაზიის სივრცეა, დახლებად გადაკეთებული, სადაც 60 წლამდე სუფთადჩაცმული კაცი ბოსტნეულსა და ხილს ყიდის. კარგი ხილი აქვს, ნარჩევი, ლამაზად დახარისხებული. ამ ჩვეულებრივი გარემოს არაჩვეულებრივი წესრიგი მაშინვე თვალში გხვდება, როგორც კი მას გვერდით ჩაუვლით. იმ დღეს ამ ადგილს გვიან შევურბინე, რაღაც არაამქვეყნიური გადარევა დამემართა ლეღვზე, ვიფიქრე - ცოტას ვიყიდდი. ჩემი მოწესრიგებული გამყიდველი ადგილზე დამხვდა, თუმცა, ამჯერად, ძალიან მოწყენილი მეჩვენა. სანამ ჩემი საყვარელი ხილი ავარჩიე და პარკში მოვათავსე, ვხედავ, მიყურებს. არაფერი შევიმჩნიე და უხმოდ გავაგრძელე პროდუქტის თვალიერება. როცა შერჩეული ლეღვითა და ბარათით ხელში მივუახლოვდი, ვხედავ ისევ დგას და მიღიმის. მეც გავუღიმე და ბარათი გავუწოდე. - „თქვენ, ჩემთან ხშირად ყიდულობთ ხილს, ხომ ასეა“?! - დიახ- მეთქი, გავუღიმე. – „პატარა ბიჭიც გყავთ, ხომ მართალი ვარ“? - კი- მეთქი - ვუპასუხე გაკვირვებით. - ჰოდა, აი მაგ პატარა ბიჭს ჩემგან საჩუქრად მიუტანეთ ეგ ლეღვიო. მეც მყავს მისი ასაკის შვილიშვილი, ვინმე მასაც თუ გაუღიმებს ქუჩაში და ერთ მუჭა ბალს ჯიბეში ჩაუყრის, მხოლოდ გამიხარდებაო...
არის კიდევ ერთი ამბავი, ის ჩემთვის ყველაზე მეტად ემოციურია. დილით, სამსახურში რომ მოვდივარ, გზად ერთი ქალბატონი მხვდება. ის ყოველ დღე ჩემს ქუჩას გულმოდინედ ასუფთავებს. გზას ცოტა ზემოთ თუ აუყვებით, პატარა ბიჭუნას შენიშნავთ. იქნება, ასე, 9-10 წლის. ის გაყვითელბულ ფოთლებს დიდი ზომის ხელთათმანით, რკინის ჟანგიანი აქანდაზით შავ ცელოფანში ყრის. ეს პატარა ბიჭუნა ამ ქალბატონის შვილია, რომელიც ყოველ დღე დედას საქმეში ეხმარება. იმ დღეს რომ გამოვიარე, დავინახე ბიჭუნა მიყუდებულია ეზოში კიბის რიკულს, რაღაცას კითხულობს ხმამაღლა წიგნიდან და დედას უყურებს პერიოდულად. დედა იქვე ეზოს ხვეტს, ყურადღებით უსმენს შვილს და მშვიდად ეუბნება: - „მანდ მძიმეა და ცოტახნით უნდა შეჩერდე კითხვისას. თუ ზმნიზედა ვითარებითი ბრუნვის ფორმაა, მაშინ ბოლოში ითქმის და იწერება „დ“ და არა“თ“. შესაბამისად, იქნება „კარგად“ და არა „კარგათ“...
მე არ ვიცი ადამიანობას როგორ ინარჩუნებენ ერთნი, ან სად კარგავენ მეორენი. სად გადის ზღვარი შეგნებულობასა და თავდაუჯერებელ ქედმაღლობას შორის. თანდაყოლილია აღნიშნული თვისება, თუ შეძენილი. თუმცა, ერთ რამეში დარწმუნებული ვარ - არსებობს რაღაც შინაგანი სიღრმე და უხილავი, გამჭვირვალე ენერგია, რომელიც ან აქვს ადამიანს და ან - არა. ის ძირითადად თვალებიდან ვიბრირებს და მისი ვერ შემჩნევა, უბრალოდ, შეუძლებელია. მე ამ გამჭვირვალე ენერგიას „სულს“ ვეძახი და სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ის, ხალხის თვალებში, არც თუ ისე მარტივი აღმოსაჩენია.




